გახსოვთ ალბათ ჩემი პოსტი ლუკას პირველი დღის შესახებ თბილისის საჯარო სკოლაში, რომელშიც მხოლოდ ორი დღე ისწავლა. წელს ლაზარემ დაიწყო პირველი კლასი კიევის გერმანულ სკოლაში და ამის შესახებ მოგიყვებით.
სკოლამდე
სკოლისათვის მზადება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და ლაზარეს სასწრაფოდ გერმანული ვასწავლეთ. წინა სასწავლო წლის დასასრულისთვის ჩატარდა საორიენტაციო შეხვედრა მშობლებისთვის, სადაც უფროსკლასელებმა აგვიხსნეს სკოლის სტრუქტურა, მასწავლებლებმა საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს, მშობლებს გაგვესაუბრნენ და უამრავი შესავსები ფორმა დაგვირიგეს.
რამდენიმე კვირის მერე ლუკას და ლაზარეს სკოლაში გასაუბრება ჰქონდათ. შეამოწმეს, იცოდნენ თუ არა გერმანული ენა საკმარის დონეზე და თან სკოლა დააათვალიერებინეს. ასევე წინა წელს გავაკეთეთ სამედიცინო გამოკვლევები, დავრეგისტრირდით კლუბებში და ა.შ.
სასკოლო ნივთები
სექტემბრამდე ორი კვირით ადრე მივიღეთ იმეილები სასკოლო ნივთების ჩამონათვალით და პირველი დღის შესახებ ინფორმაციით. ნივთების ჩამონათვალში საინტერესო იყო:
- ჩუსტები, რომელსაც სკოლაში შესვლისას იცვამენ.
- თეთრ ძირიანი სპორტული ფეხსაცმელი სპორტ დარბაზისთვის, რადგან არ დაალაქავონ იატაკი სხვა ფერების ძირებმა.
- შიდა და გარე სპორტული ტანსაცმელი, რომელსაც ყოველი სპორტის გაკვეთილზე გამოიცვლიან.
- ჭიქა წყლის დასალევად. ყველა საკლასო ოთახში არის დასალევი წყალი და ბავშვებს შეუძლიათ დასვენებებზე დალიონ. საინტერესო ისაა, რომ ჭიქა ითხოვეს და არა წყლის ბოთლი, რომელსაც მიჩვეულები ვიყავით წინა სკოლიდან. ჭიქა იმითაა კარგი, რომ ადვილად ირეცხება და ბაქტერიების დაგროვების ნაკლები შანსია.
- წინასწარ განსაზღვრული სხვადასხვა ფერის ფოლდერები, რომლებშიც სხვადასხვა საგნის სამუშაო ფურცლებს შეინახავენ იქვე, სკოლაში.
- ფანქარი, რომლის ერთი მხარე წითელია, მეორე კი ლურჯი, რომელსაც სპეციალური, დამარცვლის მეთოდისთვის იყენებენ. მაგალითად, ლაზარე ასე იწერება: Lazarae
- საწერ კალამს პირველ კლასში არ ხმარობენ, ხოლო ლუკას მესამე კლასში აი ასეთი, მელნიანი კალამი დასჭირდა
- საწმენდი ტილო, რომლითაც თავიანთ დასვრილ მერხს ასუფთავებენ. ყველა ოთახში არის ონკანი წყლით, სადაც ხელებს იბანენ, ამ ტილოს რეცხავენ, ფუნჯებს ასუფთავებენ და ა.შ.
- ფეხსაცმელების ყუთი, რომელშიც თავიანთ ნივთებს შეინახავენ, მაგალითად სახატავ საშუალებებს და ნივთებს ხელოვნებისთვის. ყველა ბავშვს აქვს თავისი თარო და პასუხისმგებელია მის წესრიგზე.
წიგნები და რვეულები თავად დაურიგეს. რვეულები იმიტომ, რომ გერმანიაში განსხვავებულ რვეულებს ხმარობენ და აქ არ იშოვება.
Schultüte
გერმანელებისთვის სწავლის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ამით ბავშვები ცხოვრების ახალი ეტაპის დადგომას ზეიმობენ. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა schultüte, უზარმაზარი ქაღალდის კონუსი, ავსებული სათამაშოებით, სასკოლო ნივთებით და ტკბილეულით, რომელსაც ყველა პირველკლასელი სკოლის დაწყების დღეს იღებს. ლუკას გული რომ არ დაწყვეტოდა და ამ გერმანული ტრადიციით ესიამოვნა, მასაც მივეცით ეს კონუსი. ლაზარემ კი სკოლისგანაც მიიღო მეორე schultüte.
პირველი დღის ზეიმი
იმის გამო, რომ სკოლის პირველ დღეს გაკვეთილები არ ტარდება და მხოლოდ ზეიმია, სკოლას იწყებენ ხოლმე შაბათს. ორშაბათიდან კი უკვე სწავლა იწყება. ჰოდა 1 სექტემბრის შაბათ დილას მივედით სკოლაში, ჩანთების გარეშე. ყურადღება გაეფანტებათ ჩანთებითო, მასწავლებელმა გაგვაფრთხილა წინასწარ. ზეიმი ტრადიციულად, დირექტორის, მასწავლებლების მისალმებით და უფროსკლასელთა სიმღერებით დაიწყო, შემდეგ ყველას დაგვირიგეს სიმღერის ტექსტი და მოსწავლე-მასწავლებელი-მშობლებმა, ყველამ ვიმღერეთ. “ანბანის დამცველმა” მეორე კლასელებმა პირველ კლასელებს კონუსები დაურიგეს და შემდეგ ყველა კლასმა შესაბამის საკლასო ოთახში გადაინაცვლა.
გარეთ მშობლებმა ერთმანეთ გავიცანით, ვაიბერის ჯგუფები შევქმენით და მომავალ playdate-ებზე შევთანხმდით. Playdate – ეს არის ორი ბავშვის სათამაშოდ შეხვედრა, რომელსაც ჩვენ, მშობლები ვაორგანიზებთ. შევეცდები ამის შესახებ ცალკე პოსტში დავწერო.
დახურულ საკლასო ოთახებში “გაკვეთილი” 1 საათში დასრულდა და სახლში წავედით. ლაზარე იმედგაცრუებული იყო, რადგან “დავალებები არ მისცეს და წერა-კითხვაც კი არ ასწავლეს”, მაგრამ ორი კონუსის გახსნის იდეამ სულ დაავიწყა ყველაფერი და ბედნიერი წამოგვყვა.
Schultüte-ს შესახებ მეტის გასაგებად უყურეთ ამ ვიდეოს.